21 დეკემბერი 2024,   16:52
ვრცლად
"საბოლოოდ, ვფიქრობ რომ შევჯერდებით 11 სამინისტროზე," - მამუკა მდინარაძე მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრობს

გაგრძელდება თუ არა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ რამდენიმე უწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

კონკრეტულ გვარები კი, თუ ვინ დატოვებს მინისტრის თანამდებობას, ჯერ ისევ უცნობი რჩება. მმართველ გუნდში არ იციან, კონკრეტულად რომელი მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს და რომელი არა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავის ყველა გადაწვეტილებას გუნდთან ათანხმებს.

„ვიმსჯელეთ რეორგანიზაციასთან, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იყო ძალიან საინტერესო დისკუსიები. მათ შორის სხვადასხვა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფინალში გავედით, დასკვნით ეტაპზე გავედით ამ კონსულტაციების და საბოლოოდ, ვფიქრობ რომ შევჯერდებით 11 სამინისტროზე. ყველაზე რაციონალურ და შედეგთან მიმართებაში პოზიტიური და საზოგადოების ყველა წევრს გამოადგება საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ის რომ პრემიერი ბახტაძე თითოეულ გადაწყვეტილებას ათანხმებს გუნდთან დეტალურად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ჩვენ ხელისულება ჩავიბარეთ 18 სამინისტროთი. ზოგიერთი სამინისტრო ან სახელმწიფო მინისტრი პირდაპირ დავარქვათ, შექმნილი იყო თავის დროზე კონკრეტული პერსონალიებისთვის. მე პირადად ვიყავი ორი სამი დღის განმავლობაში ამ პროექტების განხილვის თანამონაწილე, მინდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერ მხარს, თუმცა ეს არის, ასევე ვთქვათ,  დასაწყისი, იმიტომ რომ ჩვენ ფუნქციურად უნდა გადავანაწილოთ სამინისტროები და არა ხელოვნურად შევაერთოდ. აზრთა სხვადასხვაობა ეს არის ბუნებრივი მოვლენა, ეს არავის არ უკვირს, მით უმეტეს ქართულ ოცნებაში,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარი, ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„მას შემდეგ, რაც მთლიანად ჩამოვყალიბდებით სტრუქტურულ ცვლილებებზე და ფაქტიურად, უკვე ბოლოში ვართ გასული, მერე დავიწყებთ უკვე მსჯელობას კონკრეტულ პერსონალიებზე. ჯერჯერობით, არც ერთის გვარი არ გაჟღერებულა არც როგორც ძველი, არც ახალი სახეები, ამაზე საუბარი უბრალოდ არ ყოფილა,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

 

დღის ამბები