26 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
4 მილიონი პირს, რომელმაც რუსეთის ჯაშუშობა აღიარა - ოპოზიცია შს და თავდაცვის მინისტრებს პარლამენტში იბარებს 

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს ოპოზიცია - საკითხის დაყენებას „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გეგმავს.

მათი აზრით, ძალოვანი უწყების პირველი პირები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა მივიდნენ.

საქმე ეხება პეტრე დევრიშაძის კომპანიებს , რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. დევრიშაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო გასამართლებული.

საპარლამენტო ოპოზიცია  პრეზიდენტისგან უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვს.

„ოფიციალურად რუსეთის ჯაშუში, მილიონობით ლარს იღებს ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმართვისათვის, ამაზე დიდი საფრთხე სახელმწიფოებრიობას რა უნდა შეექმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტში, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს დღეს და ამავე დროს იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომას,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

საპარლამენტო უმცირესობა კი საკითხის განხილვის აუცილებლობაზე - თუნდაც ნდობის ჯგუფის ფორმატში საუბრობს.

 „მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რაზეც დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმაც, თავდაცვის მინისტრმაც, შს მინისტრმაც. მათ შორის პარლამენტშიც. საიდუმლო ნაწილზე ნდობის ჯგუფშიც აუცილებელია ამ საკითხზე მსჯელობა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

თემაზე მსჯელობას არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა.

„შესაძლოა განსახილველი არის კიდეც ეს თემა, მაგრამ როგორც ვიცი ტენდერი იყო ღია. არავითარ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, თავად დერვიშაძის დანაშაულების ხარისხთან დაკავშირებით მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია თუ როგორ ასამართლებდნენ ადამიანს გარკვეული პერიოდის წინ,“-ამბობს გია ვოლსკი.

დღის ამბები