05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ტრამპმა გერმანია გააკრიტიკა და მას "რუსეთის ტყვე" უწოდა

NATO-ს სამიტის დაწყებამდე დონალდ ტრამპთან პირველი შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამართა. იენს სტოლტენბერგმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ ისაუბრეს. დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ სამიტზე მოკავშირეებთან სწორედ ამ თემას წამოწევს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები NATO-ს სხვა წევრებისგან განსხვავებით თავდაცვაზე ორჯერ მეტს ხარჯავს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებით გერმანია გააკრიტიკა და მას "რუსეთის ტყვე" უწოდა. ტრამპის განცხადებით, გერმანია მილიარდობით დოლარს უხდის ენერგორესურსებში რუსეთს, რომლისგანაც მას ამერიკელები იცავენ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ გერმანია რუსეთისგან, მაგრამ ისინი მილიარდობით დოლარს უხდიან რუსეთს. მითხარით, ეს სწორია? ჩემი აზრით არა. უსამართლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გადასახადების გადამხდელებისთვის. მათ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები ახლავე და არა მომდევნო 10 წელიწადში,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმაც გააკეთა. 

„პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერთგულია ნატოსა და კოლექტიური თავდაცვის ამოცანების მიმართ. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც გამოიხატება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ამერიკის დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა. უფრო ხშირად ტარდება წვრთნები და უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცია ევროპაში. ტრამპი პირდაპირია და ღიად ასახელებს ზოგჯერ მოკავშირეებს, მაგრამ როდესაც საქმე მიდის მთავარ გზავნილამდე, ყველა ვთანხმდებით, რომ ნატოს წევრები ტვირთს თანაბრად არ ინაწილებენ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიუსელში გუშინ ჩავიდა. აეროპორტში მას ბელგიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ დახვდნენ, რისი მიზეზიც საფეხბურთო მატჩი იყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები