26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტთან კონსულტაციები დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ქართული ოცნების მიერ შერჩეული თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები დასრულდა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს ინდივიდუალურად, დახურულ ფორმატში შეხვდა.

დავით გაბაიძის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და არგუმენტები გააცნეს. 

მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატის წარსადგენად კანონით მინიჭებული ორკვიარიანი ვადა აქვს. 

„გავეცანი ყველა პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებას და კანდიდატის შერჩევის პროცესში ვარ. ჯერჯერობით, წარმოდგენილია მხოლოდ ერთი - თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა და მე მას აუცილებლად შევხვდები. მზად ვარ, შევხვდე და გავესაუბრო სხვა კანდიდატსაც, თუკი ოპოზიცია მას წარმოადგენს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად, უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ესწრებოდნენ.

დღის ამბები