05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში და 50 გარდაცვლილი - იტალიის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის დახმარების მიუხედავად ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება

საბერძნეთი ცეცხლის ალშია გახვეული- ბერძენი მაშველები ალმოდებულ კურორტზე შეღწევას ცდილობენ. 26 ადამიანის ცხედარი მათ მატიში ერთ-ერთ ვილაზე აღმოაჩინეს.

საკურორტო დასახლება, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

მატიში დამწვარია თითქმის ყველა სახლი, აღარ არსებობს ინფრასტრუქტურა. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. მათი ვარაუდით, შესაძლოა დამწვარ შენობებსა და მანქანებში მაშველებმა გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინონ.

ამ დრომდე ეძებენ 10 ტურისტს, რომლებმაც ალმოდებულ სანაპიროს თავი დააღწიეს და ნავით წყალში შევიდნენ. ტურისტებისა და მოსახლეობის ევაკუაცია ათენის ატიკის რაიონიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ურთულესი მდგომარეობის გამო პრემიერმა საზღვარგარეთ ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ალექსის ციპრასმა მდგომარეობა პირად კონტროლზე აიყვანა და ატიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და  დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა. იტალიამ პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა პირველი დახმარება უკვე გაგზავნეს, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის.

ბოლო მონაცემებით, ხანძარს ათენის გარეუბანში 50 ემსხვერპლა, 150-ზე მეტი დაშავდა. 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები