17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ნარკოტიკის ინტერნეტით გასაღება - ადვოკატები მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ 

ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასწარპატიმრობაში დატოვებას უფლებადამცველები ეხმაურებიან.  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია დაცვის მხარისთვის და ისინი აპირებენ, მოსამართლის დღევანდელი გადაწვეტილება გაასაჩივრონ.

უფლებადამცველების თქმით, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდების მხარე დაადასტურებს იმ მძიმე დანაშაულს, რომელსაც ხუთივე დაკავებულს ედავებიან.

„არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას ჰქონდა ადგილი ბრალდებულების მხრიდან. აქ არის მთავარი. პროკურატურამ, ასე ვთქვათ, ძველ ხერხს მიმართა, რომ დაამძიმა ბრალდებულების მდგომარეობა იმით, რომ მათი კვალიფიკაცია მოახდინა ისე და იმ დანაშაულში, რომლის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოადგინა და ამას ვერ გაუძლო სასამართლომ,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულების, რობერტ ერემიანის, ადვოკატმა, გიგლა მაჩიტიძემ.

პროკურორი კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ადვოკატები სრულყოფილად არ გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში მოაგროვა პროკურატურამ ბრალდებულების წინააღმდეგ.

პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განმარტა, რომ თავდაპირველად მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას ზურაბ ლომიაშვილი ახდენდა და მას შემდეგ, რაც მასზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ, სხვა პირთა დანაშაულიც გამოიკვეთა.

„ეჭვი მიჩნდება, რომ დაცვის მხარე სრულყოფილად არ არის გაცნობილი იმ საქმის მასალებს, რაც ბრალდების მხარემ გადასცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არგუმენტს ისინი პროცესზე არ დააყენებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარე საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ შეეგროვებინა მტკიცებულებები,“ - განაცხადა პროკურორმა ირინა ჩოჩიამ.

ხუთივე ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.

დღის ამბები