სახელისუფლებო პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება კიდევ ერთხელ გადადო. სავარაუდოდ, მომავალ კვირის გახდება ცნობილი, რას აპირებს მმართველი პარტია. მმართველ პარტიაში კვლავ ვერ თანხმდებიან პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავდეს თუ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.
„თითოეული ჩვენგანი თავის აზრს, რასაკვირველია, დაიცავს, მაგრამ სხვისი აზრიც არის საინტერესო. იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ზედმიწევნით იქნება დაცული, ამ მეორე შემთხვევაში და საერთოდ, დაფინანსების შემთხვევაში, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშის თქმით, კი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.
„დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში, ჩვენ ველოდებით რომ პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქნება ცნობილი ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს საკუთარი კანდიდატით, თუ სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე, პოლიტ საბჭოს ფორმატში, თუკი იქნება არა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე საუბარი, ბუნებრივია, იქნება შეჯერებული პოზიცია,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უპირატესობას ის, გუნდის წარმომადგენელს მიანიჭებს, თუმცა მხარს სალომე ზურაბიშვილსაც დაუწერს.
„თუ ის იქნება სალომე ზურაბიშვილი, ანუ გუნდის წარმომადგენელი, ძალიან გამიხარდება და ასე მირჩევია მას დავუჭირო მხარი,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.