საგამოძიებო კომიიის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა, რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა.
თეა წულუკიანთან, დეპუტატებს ერთადერთი შეკითხვა ჰქონდათ. ოთო კახიძემ იუსტიციის მინისტრს, ირაკლი შოთაძის გადადგომის დღეს გაკეთებული განცხადება შეახსენა და მისივე სიტყვების დადასტურება მოსთხოვა.
ამის შემდეგ თეა წულუკიანს დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს და სხდომა დასრულებულად გამოაცხადეს. მოგვიანებით,კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განმარტა, თუ რა იყო იმ ერთადერთი კითხვის მიზანი.
„იმის მერე რაც შოთაძე გადადგა დადგინდა ძალიან ბევრი ახალი გარემოება. მათ შორის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარებულა, კონკრეტული ფაქტები, რომელიც გამოიკვეთა მათ შორის ჩვენი მუშაობის შედეგად, ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, ამ ყველაფრის მიუხედავად ისევ თვლიდა თუ არა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. მან ეს დაადასტურა, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა თვითონაც აიღო, აქედან გამომდინარე სხვა კითხვები მასთან დაკავშირებით არ გვქონია,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.