რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდასაჭერად ქვეყანაში პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი იმყოფებიან.
საპატიო სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს დილიდან კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში ჩავიდნენ. ისინი სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახეს და მდგომარეობას გაეცნენ.
„თანამედროვე სამყარო, თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ის ახალი ინიციატივები, სამშვიდობო ნაბიჯები, რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს ეფექტიანად გამოყენებული,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით საუბრობს საერთაშორისო დისკუსიის გაღრმავებაზე საუბრობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იაცეკ ჩაპუტოვიჩი აცხადებს, რომ კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა.
„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დაკანონებული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. აუცილებელია კიდევ უფრო გავაღრმავოთ საერთაშორისო დისკუსია ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რადგან კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა,“-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.
ჩამოსული სტუმრები ამბობენ, რომ მათი ქვეყნის ლიდერები 10 წლის წინ ომის დროს იმყოფებოდნენ საქართველოში და იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით. ისინი ომთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთსა აკისრებენ.