20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ეუთო-ს ქვეყნები აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის სახელით საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაკეთდა.

ეუთო-ს ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს მის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, ისინი არიან უკიდურესად შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით და ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისი სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

მეგობართა ჯგუფი ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის, მკვლელობის ფაქტებს.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ვიდეომიმართვაც გაავრცელეს.

დღის ამბები