20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
აგვისტოს ომი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებებს ავრცელებენ

რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები ავრცელებენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 10 წლის წინ მიღწეული შეთანხმება. უწყება მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივად აღიარების გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ტრაგიკული ომიდან 10 წლის შემდეგ, მოსკოვი კვლავ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ათასობით ადამიანი კი რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებას განაგრძობს. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ოფიციალურ მოსკოვს, რომ დაუშვას ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებს. ოფიციალური ოტავა ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ."

სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის გაძლიერებული ძალისხმევის აუცილებლობას უსვამს ხაზს გაეროს გენერალური მდივანი. აგვისტოს ომის 10-ე წლისთავთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, კონსტრუქციული მიდგომები შეიმუშაონ, რომ ამ შეუცვლელმა მექანიზმმა საკუთარი მანდატი შეასრულოს. "ყველა დაინტერესებულმა მხარემ ყურადღება დიალოგზე და პროგრესზე უნდა გაამახვილოს და თავი შეიკავოს პოლიტიკისგან, რომელიც კიდევ უფრო მეტ განხეთქილებას შეიტანს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები