19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა - ოპოზიციის აზრით, "ქართული ოცნება" მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არმონაწილეობაზე პოლიტიკურ გეგმას უკავშირებს.

ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველი გუნდის უარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევას არ აპირებს.

„საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება შესაბამისი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ასეთ პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ გამიჯვნა ამ პროცესისგან ცალსახად ადასტურებს, რომ ისინი მზად არ არიან, უარი თქვან სასამართლო სისტემის კონტროლზე, მათ სჭირდებათ მათზე დამოკიდებული სასამართლო სისტემა, რომელიც კვლავ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული, მაგალითად, „რუსთავი 2-ის“ მიმართ, რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული მათ და ივანიშვილის პოლიტიკურ ნებაზე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ოპოზიციის წევრები  მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ოპოზიციის შეფასებით, ნებისმიერს კანდიდატს, რომელიც მარგველაშვილის მიერ იქნება წარდგენილი, „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს.

„ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადათქვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას კონსულტაციებში, იმის მანიშნებელია, რომ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, როგორი იდეალური კანდიდატურაც არ უნდა წარმოადგინოს მარგველაშვილმა, ან სექტემბერში ჩააგდებენ, ან საერთოდ არ განიხილავენ და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭო მორიგ მარიონეტებს წარმოადგენს და ფაქტობრივად, სასამართლო სისტემა იქნება კვლავ უზურპირებული ერთი ჯგუფის ხელში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები