აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცებას , რომელიც საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევასაც გულისხმობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება.
პრემიერის განცხადებით, დოკუმენტის მიხედვით აშშ გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.
„რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცენდენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„2019 წლის აშშ-ს ავტორიზაციის აქტი გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის“, - განაცხადა ბახტაძემ.
ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში შევიდა დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ის თავდაცვითი დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ბიუჯეტი, ევროპაში შეერთებული შტატების მოკავშირეებისა და პარტნიორების გაძლიერების კუთხით საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევასაც გულისხმობს, რაც დოკუმენტის მიხედვით, გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.
მასში ხაზგასმულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა.