უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის პრეტენზიებს, თუ რატომ არ შედგა კონსულტაციები იუსტიციის საბჭოსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ.
გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ შეთავაზება კონსულტაციებში მონაწილეობის შესახებ სხვა უწყებებთან ერთად, სასამართლო ხელისუფლებამაც მიიღო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესსა და შეწყვეტილ კონსულტაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტებები არ გაუკეთებიათ.
„ჩვენ გვქონდა კონტაქტი, როგორც ერთთან, ისე მეორე უწყების ხელმძღვანელებთან და შეთავაზება, რომ მათთვის სასურველ დროსა და ფორმატში გამართულიყო ეს შეხვედრები. მათ აიღეს გარკვეული ვადა პასუხისთვის და პასუხი იყო ასეთი, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერხდებოდა ეს შეხვედრა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მან ბრძანა, რომ ის ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მოსამართლეებმა მოსაზრებებთან გამო, თავი შეიკავეს ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობისგან, თითქოს, იმ არგუმენტებით, რომ ასეთ პროცესში მოსამართლეების ჩართულობა მათ გამართლებულად არ მიაჩნდათ,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს მათთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის საბჭო შვებულებაში იმყოფება და შეკრება ვერ მოხერხდებოდა.
გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციებისთვის ეს დრო განგებ შეარჩია, რადგან იუსტიციის საბჭო ამ პროცესში არ ჩართულიყო.