დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის თქმით, ევროპარლამენტარებმა განუცხადეს მას, რომ საქართველოს პარლამენტი მიხელიძის ანგარიშის გამო განაწყენდა.
მიხელიძის განმარტებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან ევროპარლამენტში საგანგებო წერილი გაიგზავნა, სადაც მიხელიძის ანგარიშზეა საუბარი.
თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ გზავნილში ლაპარაკია მხოლოდ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემებთან დაკავშირებით, ხოლო არაფორმალურ მმართველობაზე, რაზეც ნონა მიხელიძემ ყურადღება გაამახვილა, წერილში საუბარი არ არის.
„შემოდგომაზე დაგეგმილია ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ ამ ვიზიტის წინ ასეთი რეპორტი საჭირო მასალა იყო მათთვის. როგორც თავად ევროპარლამენტარებმა მითხრეს პრეზენტაციის შემდეგ, მათმა გარკვეულმა ნაწილმა და მათ შორის რეპორტის დამკვეთმა, საქართველოს პარლამენტიდან მიიღეს გულისწყრომის წერილი თავისი კომენტარებით ჩემს რეპორტზე,“- აღნიშნა მიხელიძემ.