17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ახალი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში - სერგი კაპანაძე კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო  კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სამ თვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს.

სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ მუშაობა კონკრეტული შედეგით დაასრულა. კერძოდ; საქმეში გამოიკვეთა ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას მონაწილეობა და გაიცა რეკომენდაცია რომ მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

სერგი კაპანაძის განცხადებით,  არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც მოწმეთა გამოკითხვის შედეგად მოიპოვა კომისიამ, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმართ საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს.

„ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. 80 -მდე ახსნა განმარტება მივიღეთ. უზარმაზარი მასალა შევისწავლეთ შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლები დავიბარეთ აქ მათ გავესაუბრეთ. ისევე როგორც გვქონდა ახსნა-განმარტების მოსმენა შსს მინისტრისგან, ყოფილი მთავარი პროკურორისგან და იუსტიციის მინისტრისგან. საბოლოო ჯამში იქნა კომისიის მიერ დადგენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და გამოტანილი რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. პირველი, ჩვენ ამ დასკვნის ფარგლებში, ისევე როგორც შუალედურად მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ.  გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ  რომ ის მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. ჩვენ კომისიის ფარგლებში დავადგინეთ კონკრეტული გარემოებები. მათშორის ისიც, რომ მას ხელთ ჰქონდა კონკრეტული საგანი, როგორც ჩხუბამდე, ასევე, რომ  მას ის იყენებდა ჩხუბის პროცესში და საუბრობდა ასევე ჩხუბის შემდეგ და საუბრობდა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ცდილობდა, რომ ის დაეგდო მაგრამ ეს ვერ მოახერხა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის თავმჯდომარემ მირზა სუბელიანთან მიმართებაში პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მათ შორის მან დაასახელა პროკურორი ფხაკაძე და საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელთა მიმართაც გამოძიება უნდა დაიწყოს მინიმუმ გულგრილობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით.

სერგი კაპანაძის თქმით, გამოძიების პროცესში არ გამოკითხულან მირზა სუბელიანის ახლობლები და არ ჩატარებულა ჩხრეკა. 

„ჩვენ დავადგინეთ გამოძიების პროცესში, რომ ამ გამოძიებაში ერეოდა მირზა სუბელიანი რომელიც მაშინ  იყო პროკურატურის  მაღალჩინოსანი და რომლის როლი გამოიკვეთა ჩვენი სამუშაოს შედეგად. ჩვენ დავადგინეთ რომ მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის თავმჯდომარე თანამდებობის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. კერძოდ, სერგი კაპანაძის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შს და იუსტიციის მინისტრებმა იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც გადადგეს ან არ გადადგეს და ასევე იმ განცხადებებისთვის, რომელსაც ისინი საქმის გამოძიების მსვლელობის დროს აკეთებდნენ.

კაპანაძის განმარტებით, ერთ თვეში „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ პარლამენტში მივიდეს მოქმედი შს მინისტრი და ჩააბაროს დეპუტატებს ანგარიში თუ როგორ სრულდება კომისიის რეკომენდაციები. 

დღის ამბები