17 ნოემბერი 2024,   12:14
ვრცლად
სამსახურიდან გათავისუფლება - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დახმარებას არასამთავრობო სექტორს სთხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და პროფკავშირები დახმარებას არასამთავრობო სექტორს სთხოვენ. ამ წუთებში, შეხვედრა PRIME Time-ის ოფისში მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, მესამე სექტორთან იმ შეთავაზების დეტალებზე საუბრობენ, რომელსაც თანამშრომლები არ დათანხმდნენ და ორი დღის წინ, ავტომატურად ხელშეკრულებაც შეუწყდათ.

არსებული სიტუაციის უფრო გამძაფრებაზე საუბრობს ჟურნალისტის, ნინო ზაუტაშვილი. მისი თქმით, თანამშრომლები ბრძოლას გააგრძელებენ. ზაუტაშვილის განცხადებით, დღეს გენერალურ დირექტორთან დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ვასილ მაღლაფერიძე შვებულებაში გავიდა.

ნინო ზაუტაშვილმა სამეურვეო საბჭო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბორდი მიმდინარე პროცესებში ჩართული ეფექტურად არ არის.

„დღეს ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა, პროფკავშირის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, ვისაც აწუხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი და ზოგადად, საზოგადოების ბედი და დავსახავთ სამოქმედო გეგმას, როგორ, რა გზით წავალთ. ბორდს არანაირი მექანიზმი არ აქვს, თუმცა, მას კანონით გაწერილი აქვს, მაგრამ ის ვერ ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა ზაუტაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეც. სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ტელევიზიას ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული საშტატო განრიგი.

„საზოგადოებრივი მაუწყებელში არის მნიშვნელოვანი პრობლემები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული საშტატო განრიგი, ამ დრომდე არ აქვს თანამდებობრივი სარგოს განმსაზღვრელი დოკუმენტი. როგორც აღმოჩნდა არ ჰყავს ასევე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პირობებში მასობრივი გადაწყვეტილებების მიღება თანამშრომლებისთვის შრომითი ურთიერთობების შეცვლის არსებითი პირობების ან დათხოვნის შესახებ, როდესაც ეს ეხება ათეულობით თანამშრომელს, ცხადია, პრობლემურია,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

გათავისუფლებული თანამშრომლების შეხვედრის პარალელურად იკრიბებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბორდის წევრები გეგმავენ გარკვეული წინადადებით მიმართონ მენეჯმენტს და გამოითხოვონ ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზების შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პროტესტი მენეჯმენტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც თანახმადაც 150 თანამშრომელს ხელშეკრულების განახლება მოსთხოვეს, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. თუმცა, თანამშრომელთა უმრავლესობა მენეჯმენტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვს. უკმაყოფილო თანამშრომლები დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.

დღის ამბები