19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, არასწორი მიდგომაა - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და თანამშრომლების პროტესტს პასუხობს. კახა კალაძის თქმით, პრობლემები არა ტელეკომპანიას, არამედ „ომეგა ჯგუფს“ აქვს.

თბილისის მერის თქმით, არასწორი მიდგომაა, როდესაც გადასახადებიდან თავის არიდებას ტელეკომპანიის „ამოფარებით“ გეგმავენ.

„იბერიას“ არანაირი პრობლემები არ აქვს, თუ მის მფლობელს სხვა კონკრეტულ ბიზნესში აქვს პრობლემა და პრობლემა მისგან არის გამოწვეული და აქვს საკმაოდ დიდი დავალიანება, როგორც მე ვიცი, ბიუჯეტის მიმართ. ახლა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რაც კანონით ავალდებულებს, რომ უნდა გადაიხადოს, მე მგონი, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანები კანონის წინაშე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ განაახლა. მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა. ისინი მთავრობას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“. არხის მფლობელების თქმით, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები