ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე და სკანდალური აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.
აუდიო ჩანაწერზე, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
ოპოზიცია საგამოძიებო ორგანოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.
„მიზანი არის ერთადერთი, რომ ტელევიზია ჩაიგდონ ხელში, ის ტელევიზია, რომელიც მათ არ ემორჩილებათ. ამას ჩვენ ვუყურებთ უკვე წლებია, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვუყურებთ თუ როგორ უსწორდება „ქართული ოცნება“ თავისუფალ მედიას. ვინ უნდა დასახელდეს კიდევ, რომ პროკურატურამ გაიღვიძოს და სიმბოლურად მაინც აღძრას საქმე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, „შენების მოძრაობის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილიც.
„მივმართავ ახლად დანიშნულ მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე შიძლება იყოს მისი პირველი მთავარი გამოცდა. გამოძიება არ უნდა იყოს რთული, ვინაიდან ამ პროცესში მონაწილე ერთი მინიმუმ ერთი მხარე, ბატონი ოქუაშვილი არის მზად, რომ ბოლომდე ამხილოს ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში, თუ პროცესში მონაწილე ადამიანები,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პროკურატურის მხრიდან საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ „ევროპული საქართველოს“ წევრებს. პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის საკითხი უნდა გახდეს.
"რუსთავი2”-ის მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში, სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი საუბრობენ. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი 2 მილიონს ითხოვდა.