17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ზეწოლა იბერიაზე - ტელეკომპანიის “ჟურნალისტები და არხის დამფუძნებელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ

ტელეკომპანია „იბერიას“ჟურნალისტები და არხის დამფუძნებელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მათი განცხადებით, განხორციელებული ზეწოლა იყო.  

ჟურნალისტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ იმ საკითხზე, ვინ და რატომ ახორციელებდა ზეწოლას ტელეკომპანიის დამფუძნებლებზე მაუწყებლის დათმობის მიზნით. ჟურნალისტებმა და არხის დამფუძნებელმა ქვეყნის პირველ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებსა და შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე.

ჩანაწერში ტელეკომპანია "იბერიაზეა" საუბარი და მასში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს. 

ტელეკომპანია ”იბერიის” დამფუძნებელი, პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ ვიცე სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს უპასუხა  და აღნიშნა, რომ აუდიო ჩანაწერი, რომელიც ანონიმურმა წყარომ „რუსთავი 2“-ს მიაწოდა, ძველი არ არის.

გარდა ამისა, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად უქმნის „ომეგა ჯგუფს“ ფინანსურ პრობლემებს იმისათვის, რომ ტელევიზია დათმონ.

“რაც გავიდა ეთერში იმასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა, რომ რა დროისაა ეს ჩანაწერები. არც 6 წლის წინ, არც სამი წლის წინ და არც ორი წლის წინ არ არის ჩაწერილი. ბატონი ყიფიანი დამფუძნებელია ოცნებისა იმთავიდან და აქამდეც არავის არ უთქვამს, რომ იგი დამფუძნებელი აღარ არის. პირადად მე არავითარ შემთხვევაში არ მივმართავ ჩვენს საგამოძიებო უწყებებს. ან მიზანმიმართულად თქვეს ეს და ქალბატონ ჩუგოშვილს ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს გასავრცელებლად, ან ძალიან არაკომპეტენტურები არიან,“ - განაცხადა ტელეკომპანია ”იბერიის” დამფუძნებელი, პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანია ”იბერიას“ ჟურნალისტი, ლუბა ელიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი იზიარებს იმ შეხედულებას რომ ქვეყანაში არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვაა დასაცავი, არამედ თავისუფალი ბიზნესიც.  

„როგორც აღმოჩნდა პრეზიდენტიც სრულიად იზიარებს მოსაზრებას რომ დასაცავია არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვა, არამედ დამოუკიდებელი და თავისუფალი და ადგილობრივი ბიზნესი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი უნდა იყოს ქვეყნის ხერხემალი და არა ძალოვანი სტრუქტურები. მიხარია ის, რომ პრეზიდენტს ზუსტად ასეთ შეხედულება აქვს,“ - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს რაიმე საქმის პირად კონტროლზე აყვანის უფლება არ აქვს.

„ნათელია, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელზეც დგას თავისუფალი საზოგადოება და ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არის ერთის მხრივ მედია და სიტყვის თავისუფლება და მეორეს მხრივ, ეს არის ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა. ეს ორივე საკითხი იკვეთება აქ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე სიკეთე იყოს დაცული. კონკრეტული საქმის პირად კონტროლზე აყვანის კომპეტენცია და უფლებამოსილება კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ფიგურირებს.

სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ესაუბრება. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი 2 მილიონს ითხოვდა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

 

დღის ამბები