12 ოქტომბერი 2024,   16:18
ვრცლად
"ფული უნდა გავანაწილოთ რა..." - მორიგი სკანდალური ჩანაწერი "იბერიას" საქმეზე, სადაც ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ 

„იბერიას“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

სანდო წყაროს მიერ „კურიერისთვის“ მიწვდილ აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

ირკვევა, რომ ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული.

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.

აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“:

„ლევან ყიფიანი - ესე იგი ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

ზაზა ოქუაშვილი - ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.

ლევან ყიფიანი - ხო

ზაზა ოქუაშვილი - მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...

ლევან ყიფიანი - ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...

ზაზა ოქუაშვილი - ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.

ლევან ყიფიანი - რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო...ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა ისა... რა. მინისტრია რა.

ზაზა ოქუაშვილი - მინისტრია.

ლევან ყიფიანი - მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია.“

ეს არის უკვე მესამე აუდიოჩანაწერი, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა და გაასაჯაროვა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ასევე არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერიც.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები