03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სოციალურად დაუცველთა აქცია ფოთში პოლიციამ დაშალა

ხმაური იყო ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქში შესასვლელი გზა თითქმის 2 საათის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ. ისინი ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვდნენ.

მოქალაქეთა ეს ჯგუფი ფოთში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფ ერთ-ერთ შენობაშია შესახლებული. მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერებული აქვთ და უკვე კვირაზე მეტია დენის მიწოდების აღდგენას საპროტესტო აქციებზე ითხოვენ.

„ენერგოპროჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ ქონება კერძო საკუთრებაა და მისი კანონიერი მფლობელის ნებართვის გარეშე, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის უფლება არ აქვთ.

ვითარების დეტალები აქციის მონაწილეებს ქალაქის მერმა განუმარტა და დახმარებასაც დაჰპირდა, თუმცა მისი წინადადება აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, აქცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ დაიშალა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტის დროს აქციის მონაწილე ფეხმძიმე ქალი შეუძლოდ გახდა.

აქციის მონაწილეთა პრობლემებზე განმარტება გააკეთა ფოთის მერმა. ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ აღნიშნულ შენობაში მხოლოდ ხუთი ოჯახია დევნილების, რომლებსაც ელექტროენერგია მიეწოდებათ, დანარჩენები კი უკანონოდ არიან შეჭრილი შენობაში და მათი მიზანია ფართობის დაკანონების მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ინდივიდუალური გამრიცხველიანებით გადაიდგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები