ლილოში, გამშვები პუნქტის მუშაობა ისევ პარალიზებულია. ხორბლის იმპორტიორები უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები იმ დადგენილების შეცვლას მოითხოვენ, რომლის მიხედვით, ხორბლის ავტომობილებით გადაზიდვა იკრძალება. ხორბლის გადამზიდავები ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად, ორდღიან ვადას აძლევენ.
“შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩვენთვის ამას აზრი არა აქვს. ჩვენ ველოდებით პასუხს, ანუ გადაწყვეტილებას, თუ იქნება გონივრული გადაწყვეტილება, მისაღებია ჩვენთვის, არ იქნება გონივრული, რა თქმა უნდა, აქციები დაანონსდება. გზა გავხსენით, მაგრამ, ბლოკირებული გვაქვს შესასვლელი და ეს გაგრძელდება ხვალ საღამომდე. ჩვენი მოთხოვნა არის, მოდი ასე ვთქვათ, კატეგორიული არა, მაგრამ სისხლხორცეული. ეს გადაწყვეტილება არის 25 ათასი კაცის ქუჩაში დატოვება,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ჯოჯიშვილმა.
ცოტა ხნის წინ აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მივიდა. თუმცა ადგილზე პარტიის წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა და მცირე ინციდენტიც მოჰყვა. მათი ნაწილი ითხოვდა, რომ პოლიტიკოსებს დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან მათ არ სურდათ, აქციას პოლიტიკური სახე მისცემოდა.
აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მოსახლეობას მოუწოდებს მივიდნენ აქციაზე და მათ მოთხოვნები გაიზიარონ.
„არ შეიძლება პოლიტიკოსებმა გამოიყენონ ყოველთვის ხალხის გაჭირვება,“ - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე მისულმა სერგო რატიანმა კი განაცხადა, რომ ხორბლის იმპორტში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, „ევროპულმა საქართველომ“ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები პარლამენტში დაიბარა.
„ევროპულმა საქართველომ დაიბარა ფინანსთა მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ისინი უნდა მოვიდნენ პარლამენტში და გააუქმონ ბრძანება, რომლის უკან კორუფციის სქემის გარდა, არაფერი არ ჩანს. მათ არ აქვთ არანაირი არგუმენტები, თუ რატომ წაართვეს 3 ათას ადამიანს პურის ფული. ამ დღეებში გაეცა პასუხი, ვინ არის დაინტერესებული. ამის, ყველაფრის უკან, როგორც წესი, დგას ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი