19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში“ - ბაქრაძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმას ადასტურებს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას საზოგადოების ცხოვრებაში -  ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას სასულიერო პირების მიმართ.

მისი თქმით, ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს არც იმაზე აქვს წარმოდგენა, თუ რა დამოკიდებულება არსებობს ნარკოტიკების მიმართ.

დავით ბაქრაძის თქმით, მართალია სახელმწიფო და ეკლესია გამოყოფილია ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს.

ამიტომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები