საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 39 წლის შოთა ჩაჩხიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საავადმყოფოში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით მიიყვანეს, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე, მიცკევიჩის 23-ში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცედურები. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღი.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
„კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში არ ადასტურებენ.