09 დეკემბერი 2024,   01:13
ვრცლად
არ გამოვრიცხავთ არც ინტოქსიკაციას და არანაირ სხვა ზემოქმედებას - ვანო მერაბიშვილი საკანში მისმა ადვოკატებმა მოინახულეს

ვანო მერაბიშვილი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. როგორც ყოფილი პრემიერის ინტერესების დამცველი აცხადებს, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც ის მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.

სტეფანე თუმანიშვილის განცხადებით, თუ კი ვერ მოხერხდება დადგენა იმ მიზეზების, რომელმაც პაციენტში ჰორნერის სინდრომი გამოიწვია, მაშინ უნდა მოხდეს ვანო მერაბიშვილის უცხო ქვეყნის კლინიკებში გადაყვანა.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. რა მიზეზების  გამო დაუდგინდა მას ჰორნერის სინდრომი. გამოკვლევის ჩატარება, შესაბამისი სპეციალისტების მოყვანა თუ საჭირო გახდა მისი წაყვანა და ა.შ. აქაურ კლინიკებში იქნება თუ საზღვარგარეთ  კლინიკებში. თუ არ ყოფნით პროფესიონალიზმი და ვერ უდგენენ ამის გამომწვევ მიზეზებს, უნდა იხმარონ  ყველა ღონე, რომ დაუდგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. აუცილებლად ვაპირებთ  მივმართოთ დ ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს ექიმებთან თუ რა შეიძლება გაკეთდეს  ამისთვის. რა ღონისძიებებია გასაკეთებელი რომ ჩვენც ასე რომ  ვთქვათ ჩავრთოთ ამაში თუ საჭირო იქნება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, თუ საჭიროა მისი გადაყვანა უცხოეთში. 12 დღეა  არ არის დადგენილი მიზეზი, რამაც გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ. არ გამოვრიცხავთ არაფერს, არც ინტოქსიკაციას და არანაირ სხვა ზემოქმედებას,“-განაცხადა ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა.  

რაც შეეხება შეწყალების თხოვნას, ადვოკატი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის, თუმცა ეს ქვეყნის პირველ პირს მიმართვის გარეშეც შეუძლია. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით უდოს კომისია ვალდებულია განიხილოს ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

„უდოს კომისია ვალდებულია, როცა უკვე მსჯავრდებულს უდგება შესაბამისი პერიოდი იმსჯელოს და  მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ვანო მერაბიშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი, რომელსაც არ შეახეს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლება. იმიტომ, რომ ყველა პატიმარი სარგებლობს ამ უფლებით. მე რამდენადაც ვიცი, ვანო თვითონ არ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა პრეზიდენტს თავად შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება,“-განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დამძიმდა. ადვოკატებმა ეჭვიც კი გამოთქვეს, რომ მსჯავრდებულს წამლავენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომაც. უწყებამ განმარტა, რომ ვანო მერაბიშვილს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები