„დასახელებული პარტია წარმოადგენს „ოცნებაზე“ მეტად „ოცნებას“ ივანიშვილის სამეფო კარზე,“- ამის შესახებ განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ოპოზიციას შორის დაწყებული დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
საუბარია დაპირისპირებაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმება, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს.
„რა მითითებაც მიიღეს ისე იმოქმედებენ. ისე უჩივლებენ, ისე შეიტანენ, ისე გამოიტანენ. რანაირად უნდა გამკვირვებოდა ეს როდესაც ივანიშვილი ეყრდნობა პარლამენტში ოპოზიციად ამ ძალას და კიდევ ერთ-ერთ პრორუსულ ძალას. ორი ფრთა აქვს თვითმფრინავივით. ამ ორი ფრთის გარეშე მას გაუჭირდებოდა ფრენა ეს წლები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქმე ეხება "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერების სიას, რომელიც შეტანილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამ სიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრი და ამავდროულად საოლქო კომისიის წარმომადგენელია მარნეულში.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია“-ს წევრები აცხადებენ, ამის შემდეგ ბესო დონაძემ განცხადებით მიმართა ცესკოს იმის დასაფიქსირებლად, რომ ის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელია და არა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი. შედეგად პროცესმა პროკურატურაში გადაინაცვლა და ხელმოწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.