17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
„მერამდენედ უნდა გაუწოდონ დახმარების ხელი ივანიშვილს და ზურაბიშვილს?"- გიგა ბოკერია მელიას ბრალდებებს პასუხობს

"ევროპული საქართველოს" წევრები გაერთიანებული ოპოზიციის წევრების ბრალდებებს პასუხობენ. 

საქმე ეხება გაერთიანებულ ოპოზიციასა და "ევროპულ საქართველოს" შორის დაწყებულ დაპირისპირებას და ბრალდებებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სიების გადამოწმება, "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გამოთქმული ბრალდებებით ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ივანიშვილს "სიბინძურის დათესვით" ივანიშვილს უწვდის ხელს. 

„ეს მათ სტილად  იქცა და ამაზე  უკეთესი დახმარება ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს.  აი ამ ცილისწამების მოგონების გარდა. რასაც იმეორებენ უკვე მერამდენედ. ჯერ საჩუქარი გაუკეთეს აი ამ ბახტაძის ამბით ივანიშვილის პროპაგანდას, ახლა საკუთარივე   შეცდომის გამოყენების საბაბად ცდილობენ ჩვენზე თავდასხმას და კიდევ უფრო ეხმარებიან ივანიშვილს და ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით აი ამ ნიაღვარის დათესვით. ან იმ შეთანხმებას რატომ აწერდნენ ხელს თუ მაინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენზე თავდასხმისას. სიტყვა  რაღაც ფასი ხომ უნდა ჰქონდეს მათსას,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქმე ეხება "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერების სიას, რომელიც შეტანილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამ სიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრი და ამავდროულად  საოლქო კომისიის წარმომადგენელია მარნეულში.

თავად ბესო დონაძე ამბობს, რომ  მისი სახელი და გვარი სამჯერ არის გამოყენებული სიებში, რის გამოც ის ცესკომ დაიბარა. მისი თქმით პირადად მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

„ცესკოში დავადასტურე, რომ აღნიშნული ხელმოწერა მე არ მეკუთვნის. პროკურატურაში როგორ მოხვდა ცესკოს ჰკითხეთ. მე პროკურატურისთვის არ მიმიმართავს,“-განაცხადა ბესო დონაძემ. 

პროცესმა პროკურატურაში გადაინაცვლა და ხელმოწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები