კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სამაუწყებლო კომისია რუსთავი2-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდას აპროტესტებს.
კომისია მიუთითებს, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ შესაძლოა, გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.
მარეგულირებელი კომისიის განცხადებას რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი პასუხობს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მარეგულირებლი კომისიის განცხადება "სამარცხვინო და გაუგებარია". გვარამიას თქმით, მასში ნათლად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩანს.
„ეს განცხადება არის წარმოუდგენელი სიბრიყვე, საკუთარი თავის ლუსტრაცია. პირველ რიგში, პირდაპირ გამოხატავს პოზიციას, რომ სალომე ზურაბიშვილისკენ არის მარეგულირებელი კომისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგულირებელ კომისიას არავინ ჰკითხავს, ვინ რა კლიპს განათავსებს და მით უმეტეს, არავინ ჰკითხავს, კანონის შესაბამისად რუსთავი2 რამდენ დროს დაუთმობს უფასო სარეკლამო დროს. ჩვენ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ და მთელი ეთერი დავუთმოთ უფასო სარეკლამო დროს, ამას კანონი არ გვიკრძალავს. თვითონაც წერს მარეგულირებელი კომისია, რომ კანონით აკრძალული კი არ არის, მაგრამ უხერხულია, თუ არ ვიცი... ეს არის სამარცხვინო წერილი. ეს არის კონტენტის რეგულაციის მცდელობა, რასაც ცენზურა ჰქვია, პირდაპირ თუ ვიტყვით. ამიტომ მარეგულირებელ კომისიას ჩვენ ისედაც ძალიან დიდი ხანია, უკვე სერიოზულად არ ვიხილავთ, როგორც ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დანამატს. ამ წერილის შემდეგ, უბრალოდ, სერიოზული პასუხის გაცემის ღირსადაც აღარ მიმაჩნია ეს კომისია, სრულიად იმიჯშელახულია და წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევა სინამდვილეში,“ -აცხადებს ნიკა გვარამია.