03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სტუდენტების თქმით, სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი დავით ნარმანიას ნათესავია

სამხატვრო აკადემიის წინ შეკრებილი სტუდენტები ახალი რექტორისა და ქალაქის მერის ნათესავურ კავშირზე მიუთითებენ. მათი თქმით, ახლად არჩეული რექტორი გია გუგუშვილი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კლიპებში მეუღლესთან ერთად მონაწილეობდა.

აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა საპატრულო პოლიციასა და უმაღლესთან შეკრებილ სტუდენტებს შორის. ახალგაზრდები არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები 11 საათის ნაცვლად, 9-ზე ჩატარდა, გარდა ამისა, კიდევ ერთი დარღვევა, მათი თქმით, საარჩევნო პროცესში მხოლოდ 2 კანდიდატის მონაწილეობაა.

აკადემიაში განმარტავენ, რომ არჩევნების ჩატარების დრო სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გამო გადატანეს, რადგან თანამშრომლებს საშუალება მისცემოდათ მცხეთაში წასულიყვნენ. ახლად არჩეული რექტორი კი აცხადებს, რომ მზად არის სტუდენტებთან მოლაპარაკებები გამართოს.

სამხატვრო აკადემიასთან შეკრებილი 20-მდე სტუდენტი მხარს უჭერს რექტორობის მსურველ ყოფილ კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. უარი მას აკადემიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ეთქვა.

დებულების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარგობრივი პროფესორი უნდა იყოს. გიორგი ეძგვერაძე დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. მან სასამართლოში არჩევნების შედეგის გაბათილების მოთხოვნით სარჩელი უკვე შეიტანა. 

ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ 8 ხმით 2-ის წინააღმდეგ დღეს აირჩია. სტუდენტების აქცია ამ დრომდე გრძელდება და ისინი ხვალიდან მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები