03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
თევდორე მღვდლის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი დაიწვა

ხანძარი რკინიგზის სადგურზე ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე დევნილთა საცხოვრებელში დაახლოებით 2 საათზე გაჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ცეცხლი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც მთლიან საცხოვრებელ სახლს მოედო. „კურიერის“ ჟურნალისტის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად თევდორე მღვდლის 13 ნომერში სულ 1000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. დევნილთა საცხოვრებელთან სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები არიან მობილიზებული.

დევნილთა საცხოვრებელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ევაკუაცია დროულად მოხდა, რის გამოც მსხვერპლი არ არის. დაზარალებულ მოქალაქეებს დამწვარი შენობიდან ნივთების გამოტანაში მეხანძრეები ეხმარებიან.

თვითმხილველების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა, მეორე ნაწილის თქმით, ცეცხლი ვიღაცამ განზრახ გააჩინა. 

შეგახსნებეთ, რომ ამავე ტერიტორიაზე სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა ხანძარი და მაშინ ე.წ. "ბოშების ბაზარი" დაიწვა. 

დღის ამბები