„ხელისუფლებას ამოეწურა ყველა არგუმენტი“ - ასე ეხმაურება ოპოზიცია ლარის ინფლაციის პროცესს. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ლარის კურსის რეკორდულ ვარდნას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით შეცდომები დაშვებულია წინა თვეებში და ახლა მისი მომენტალურად გამოსწორება შეუძლებელია.
„ხელისუფლებას ამოეწურა ყველა არგუმენტი. თურქულ ლირას აბრალებდნენ და უკვე გაჩერებულები არიან. გავლენა რაიმე თურქული ვალუტის გაუფასურებას ლარზე არ მოუხდენია. ეს მოლოდინები ხო სასაცილოა. შეცდომების დაშვება ხდებოდა ზაფხულში როდესაც ლარი მყარდებოდა და თავი ქუდში ეგონათ და მუდამ იქნებოდა ეს პროცესი. და როდესაც შეცდომა დაშვებულია წინა თვეებში, მისი მომენტალური გამოსწორების ბერკეტები არ არსებობს. ერთადერთი ბერკეტი არის მაქსიმალური შეზღუდვა საბიუჯეტო ხარჯების,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლარის კურსის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ევროპული საქართველოც.“ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით „ქართული ოცნების“ პირობებში ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს.
„სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში მანამდე რომ ლარის მნიშვნელოვან გამყარებას ველოდოთ, ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ მათი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა და ლარის მერყეობას განაპირობებს დაბალი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან რა თქმა უნდა რადიკალური გამოსწორება არ იქნება. მაგრამ იმის გამო რომამ რყევით გამოწვეული ფასების ზრდა ძალიან მძიმედ არ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე, ამისთვის გადასახადების შემცირებაა აუცილებელი და აქციზის განახევრება რომელი კანონპროექტიც ახლა გვაქვს ევროპულ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წინასაახალწლოდ ლარის რეკორდული გაუფასურება ერთგვარ ტრადიციად იქცა, რასაც ხალხიც შეეჩვია. დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობა მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.
„რეალურად ეკონომიკა საკმაოდ შეფერხებულია ჩვენს ქვეყანაში და ეს უკვე უფრო ისეთი ტენდენციაა, რომლის გაჩერებაც ასე, რომ ვთქვათ ჩამოყალიბებული არის საზოგადოება უკვე მიეჩვია პრაქტიკულად წლის ბოლოს და ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ ეს ტრადიცია დაარღვიოს, რომ წლის ბოლოს ლარი უფასურდება, პირიქით არაფერს არ აკეთებს და თავისი უაზრო განცხადებებით ხელს უწყობს ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი უკვე 2 და 78 თეთრია.