"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ უპასუხოდ დარჩენილი კითხვები მწვავე პრობლემებს აჩენს," - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრაგედიის წლისთავს.
განცხადება დღეს გიორგი მარგველაშვილის სახელით ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
ფიქრია ჩიხრაძე მმართველ პარტიას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების ობიექტური შედეგები დადგეს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი - ვინ არის მკვლელი, რატომ არ ჩატარდა სათანადო გამოძიება და რატომ არ დაისაჯნენ ან რატომ ხდება ხელის დაფარება ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმეში ყველა მონაცემით ფიგურირებდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არ ჩატარდა სანდო გამოძიება, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული კითხვები და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, მთლიანად ქართულ ოცნებას, რომლის პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ თუ არ მივიღეთ მთელ რიგ საკითხებზე ამომწურავი პასუხები, ეს ყველაფერი ემატება იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც ისედაც არის დაგროვილი საზოგადოებაში,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.