19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"უწესიერესად შერაცხულმა დავით მაჭავარიანმა მითხრა, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს თქვენმა ოჯახმაო" - თაკო ჩარკვიანი

„უწესიერესად შერაცხულმა (დავით მაჭავარიანმა) მითხრა, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს თქვენმა ოჯახმა,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა კვირის აქცენტების  სპეციალურ გამოშვებაში საუბრისას გააკეთა.

თაკო ჩარკვიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც რამდენიმე პირი მას და მისი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ ადამიანებს შორის, რომელიც ჩარკვიანს და მის ოჯახს დაუპირისპირდა, არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანი.

თაკო ჩარკვიანის თქმით, სწორედ მაჭავარიანმა უთხრა, რომ მის ოჯახს ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ჩარკვიანი ამბობს, რომ ამის მოწმეებიც არსებობენ. ჩარკვიანი ამბობს, რომ მაჭავარიანი მათ ფიზიკურად არ დაპირისპირებია.

„ორშაბათს ვაპირებ აქციას იმისთვის, რომ მაჭავარიანმა სასწრაფოდ დატოვოს საკრებულო იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაჭავარიანი ორგანიზატორი იყო ამ ყველაფრის. გორგოძე იყო კრიმინალი, რომელიც ხელ-ფეხს იქნევდა და ჩემს მეუღლეს მოახტა უკან. მაჭავარიანი ამ გორგოძეს ნამდვილად აჩერებდა, არ უშვებდა. მაგრამ ზუსტად ისევე ყვიროდა და გვეძახდა უშვერ სიტყვებს, როგორც სხვა დანარჩენი ანუ დამწყები ამ ყველაფერის იყო სამი ადამიანი, მათ შორის, ეს კაცი,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩარკვიანის ოჯახზე თავდასხმის გამო, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი 700-700 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დავით მაჭავარიანთან დაკავშირებით არასრული მტკიცებულებების გამო, სასამართლო დეკემბერში გაგრძელდება. სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირთან დაკავშირებით კი უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო.

დღის ამბები