შავ ზღვაში უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავების ფაქტის გამოხმაურებისას ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი ახსენა. რუსეთის ლიდერმა მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პუტინმა პროვოკაციაში პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი ისევე შეაფასებს პოროშენკოს ქმედებებს, როგორც ეს ქართველმა ხალხმა სააკაშვილს გაუკეთა.
"უდავოდ, ეს არის პროვოკაცია. ის ორგანიზებულია მოქმედი ხელისუფლების მიერ უკრაინაში მომავალი წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩემი აზრით, ამ პროვოკაციაში ჩართულია მოქმედი პრეზიდენტიც, რომლის რეიტინგიც სადღაც 5 პროცენტია. შანსი არსებობს, რომ მეორე ტურშიც ვერც გადავიდეს, ასე რომ საჭიროა გააკეთოს რაღაც, რომ ვითარება გაუარესდეს. ვინც არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლების სათავეში, რუსები და უკრაინელები ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან ახლობელ ერად. ეს პოლიტიკური სიბინძურე გაივლის და უკრაინელი ხალხი როდესღაც შეაფასებს დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა შეაფასა სააკაშვილის საქმიანობა,“-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.