19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენება არჩევნებში - იუსტიციის სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ

20-მდე ყალბი პირადობის მოწმობები გურიაში - ბრალდებას, რომ პირადობის მოწმობები ახალი დაბეჭდილია და მათი გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად მოხდა, უარყოფენ იუსტიციის სამინისტროში. სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, ყველა ნაპოვნი პირადობის მოწმობა 2010 წლამდეა დაბეჭდილი.

სოსო გიორგაძის თქმით, სერვისების სააგენტომ მონაცემები გადაამოწმა, ყველა პირი 2008-2010 წლებშია გარდაცვლილი, შესაბამისად არ არის აქტიური და ისინი არც ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიგურირებენ.

„ლანჩხუთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ აღმოჩენილი ყველა პირადობის მოწმობა გაუქმებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანაში მფლობელთა გარდაცვალების ფაქტის გამო ხოლო, საარჩევნო სიაში ამ მოქალაქეთა მონაცემები არ ფიგურირებს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას მიერ, დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ორიგინალი დოკუმენტები, მათი შემოწმება არის შეუძლებელი ვიდრე თან არ გვექნება, თუმცა ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს საბუთები, რომლებიც სურათზე ჩანს, ყველა მათგანი დაბეჭდილია 2010 წლამდე. რა ფოტო სურათი იქნა გამოყენებული, ეს იყო დამოკიდებული იმ პერიოდში მომუშავე ადამიანებზე, რომლებმაც ეს დაბეჭდეს. 2010 წლის შემდეგ, არც ერთი ეს დოკუმენტი რა დაბეჭდილა,“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

შეგახსენებთ, დოკუმენტები, რომელიც დიდი ალბათობით, არჩევნების გასაყალბებლად დამზადდა, ლანჩხუთის ერთ-ერთი ავტოსადგომის ტერიტორიაში მდებარე სარდაფში ეყარა. "კურიერი" პირადობის მოწმობების მფლობელების პოვნას შეეცადა, თუმცა თითქმის ყველა მათგანი წლების წინ გარდაცვლილი აღმოჩნდა.

 

დღის ამბები