19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ძალადობა, დაშინება, ამომრჩევლის თავისუფალი ნების შეზღუდვა - საპრეზიდენტო არჩევნების უაღრესად კრიტიკული საერთაშორისო შეფასება

საერთაშორისო დამკვირვებლები კენჭისყრის დღეზე უფრო მკაცრ შეფასებებს წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აკეთებდნენ. დიდი გამოცდილების მიუხედავად, არსად უნახავთ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მმართველი პარტიის ლიდერი 600 000 ადამიანს ვალების ჩამოწერას დაჰპირდეს, თანაც საკუთარი ბანკის ფულით.

ეუთოსა თუ NDI- ის ყველა დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ზღვარს შლის სახელმწიფოსა და პარტიას შორის და მათ შეშფოთებას იწვევს. ერთ-ერთი აქტიური დამკვირვებელი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი ევროპარლამენტარი ლაიმა ლუსია ანდრიკიენეა, რომელიც დაკვირვების პროცესშივე აკრიტიკებდა არჩევნების შუა კვირას დანიშვნას.

ამის გამო, დამკვირვებლების გარკვეულმა ნაწილმა ჩამოსვლა ვერ შესძლო. ლაიმა ანდრიკიენესთვის კიდევ ერთი იმედგაცრუება, კენჭისყრის დღეს, 48 ნომრის მოკლე ტექსტური შეტყობინებები და შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო მოწოდებები გახდა.

კრიტიკული იყვნენ პოლონელი და უკრაინელი დამკვირვებლებიც. ამბობენ, რომ მსგავსი არჩევნები ბოლო პერიოდში არ ახსოვთ და თავად არაერთხელ შეესწრნენ აშკარა დარღვევების ფაქტებს.

ხმის მიცემის პროცესში NDI- ის დამკვირვებელი დაინტერესდა, რატომ გაიზარდა გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა. პერ ეკლუნდი საქართველოში ევროკავშირის ელჩი იყო, ბოლო წლებში ყველა არჩევნებს ესწრება და ამჩნევს, რომ მეორე ტურში ატმოსფერო ბევრად დაძაბული იყო.

უმრავლესობის წევრების ნაწილი ამბობს, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებს გაიზიარებენ, თუმცა არიან ისეთები, ვინც NDI- ის ტენდენციურსაც უწოდებს.

დამკვირვებლები სრულ ანგარიშს იანვარში წარმოადგენენ, სადაც ბევრად უფრო სიღრმისეულად აღწერენ აღმოჩენილ დარღვევებს.

ამერიკის დამოუკიდებელი დამკვირვებელი ამბობს, რომ თუ ქართველი ხალხი არ მიიღებს ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მათ დასავლური მხარდაჭერა ექნებათ.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები გარკვეულწილად ემყარება ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს.

პოლიტოლოგი გია ნოდია შიშობს, რომ დემოკრატიის განვითარების გზაზე ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც საქართველოს იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

უცხოელი დამკვირვებლების რეკომენდაციების სია ვრცელია, ყველა თანხმდება რომ ქვეყანისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ მიისწრაფის, მსგავსი არჩევნები დამაზიანებელია.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები