19 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ასეთი კონფლიქტი გამოიღებს სერიოზულ დესტაბილიზაციას ქვეყანაში - მირიან წიკლაური ოპოზიციის ულტიმატუმზე

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური ეხმაურება. წიკლაური ამბობს, რომ ოპოზიცია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ დასჯერდება და პოლიტიკურ კრიზისს შექმნის.

ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასა და პროპორციული წესით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. 

წიკლაურის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის აშკარა საფრთხე არსებობს და მიმდინარე მოვლენები მას 90-იანი წლების ბოლო პერიოდს ახსენებს. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის ულტიმატუმს მმართველი ძალა არ უნდა დასთანხმდეს და საპარლამენტო არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

"აღნიშნული პერიოდი მაგონებს 1991 წლის მოვლენებს, ოპოზიციას ამ შემთხვევაში რაიმე სხვა რესურსი იმისა რომ ხელისუფლებაში მობრუნდეს არ აქვს, ან რაღაც სერიოზული კონფლიქტი უნდა მოაწყოს ქვეყანაში, რომელიც მაშინვე გამოიღებს შედეგს, როგოც 91 წელში მოაწყო მაშინ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა, შევარდნაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდნენ.

ან ასეთი კონფლიქტი გამოიღებს სერიოზულ დესტაბილიზაციას ქვეყანაში ამას მოჰყვება საყოველთაო ეკონომიკის ჩამოშლა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩაშლა, ც ჰეპატიტის პროგრამის გაუქმება, სოციალური პროგრამების გაუქმება - ეს იქნება ამღვრეული გარემო, სადაც ზოგიერთები თევზის დაჭერას შეეცდებიან- ნუთუ ღირს ზოგიერთი მანია გრანდიოზად შეპყრობილი ფანტაზიები დავაკმაყოფილოთ?"-ამბობს წიკლაური.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია ამ მიზნების მისაღწევად ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს და მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები