"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები მერიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობენ. პარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს.
ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის თქმით, უცნობია, რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია, მაგრამ ცნობილია ის, რომ "ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდინში.
„ქუთაისის თვითმმართველობა საახალწლოდ აპირებს , ასე, რომ ვთქვათ, „ცხელ კვალზე“ , მორიგ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას მერიაში, რეორგანიზაციის სახით. იმ აქტივისტებს, ვინც გამოიჩინა თავი საარჩევნოდ და ვინც აქტიურად, ასე, რომ ვთქვათ, ქართული ოცნების შტაბში მუშაობდა და ეხმარებოდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო, იმათ , რა თქმა უნდა, ჰპირდებიან პირველ რიგში, რომ დაასაქმებენ და იმ ჩინოვნიკებს, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს თავი და ეგრეთწოდებულ „შავ სიაში“ არიან მოთავსებულები, იმათ გაათავისუფლებენ“ - აცხადებს გოგისვანიძე