საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. სტოლტენბერგმა შეხვედრამდე მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მან ასევე ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს გააჩნია.
სტოლტენბერგმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე. იენს სტოლტენბერგი მოსკოვს მოუწოდებს, რომ დაკავებული მეზღვაურები გაათავისუფლოს.
„მოკავშირეები საქართველოს უწევენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ როგორ გამოიყენა რუსეთმა სამხედრო ძალა უკრაინული გემების წინააღმდეგ. მათ დააკავეს გემებიც და მეზღვაურებიც. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. გვაშფოთებს ახალი რუსული სარაკეტო სისტემა, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს საშუალო და ახლო რადიუსში მოხვედრილი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა სრულიად და ღიად შეასრულოს ეს ხელშეკრულება, რადგან მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იწყება, რომლის ფარგლებშიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დაესწრება.
ორდღიანი მინისტერიალი დაახლოებით 2 საათში დაიწყება და პირველი შეხვედრა გაიმართება ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის. საუბრის ძირითადი თემა იქნება რუსეთიდან მომდინარე აგრესია.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის პარალელურად დავით ზალკალიანს ორმხრივი შეხვედრები აქვს და პირველი შეხვედრა იგეგმება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.