19 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
დედამ ნახა გარდაცვლილი ნიკა რურუა - კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას სახლთან მისი მეგობრები იმყოფებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, სახლთან მისი მეგობრები იმყოფებიან.

ნიკა რურუა საკუთარ სახლში რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილი იპოვეს. კურიერის  ინფორმაციით, ნიკა რურუას დედამ გამოიძახა სასწრაფო, თუმცა, ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

„სასწრაფო გამოიძახა ოჯახმა და როგორც ჩანს, დედამ ნახა გარდაცვლილი ნიკა რურუა,“ - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური.

ნიკა რურუას მეგობრებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა იყოს.

„არ ვიცით არაფერი გარდა იმისა, რაც ყველამ გავიგეთ, სამწუხაროდ,“ - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ.

შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას.

აგვისტოს ომის შემდეგ, ნიკა რურუა გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღების ერთერთი ინიციატორი იყო. ასევე ნიკა რურუას ინიციატივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

დღის ამბები