გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს პარტნიორ პარტიებთან ამ კვირაში დაიწყებს. გრიგოლ ვაშაძის შტაბი სარჩელის მომზადება უკვე დაწყებული აქვს. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის მესამე რაუნდი დაიწყო. პირველი ქალაქი, სადაც დღეს გაერთანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდა და ხალხს ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რუსთავი იყო. ვაშაძე ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე მთელ საქართველოს შემოივლის.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე განცხადება მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ქართულმა ოცნებამ ოპონენტებს დესტრუქციულ ქმედებებში დასდო ბრალი. მიუხედავად პრეზიდენტობის ბოლო დღეებისა, მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილის მწვავე კრიტიკას დღესაც არ მორიდებია. ქვეყნის პირველი პირის მოწოდებას, დაიწყონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი, ქართული ოცნების ლიდერებმა არაადეკვატური უწოდეს.
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა, ყოფილიყო მედიატორი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყანში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, თუმცა, მთავარი კანონის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით გაიმართება.
ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა და პარლამენტი პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად დაკომპლექტდეს.