იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს 18 ახალი მოსამართლის შერჩევას იწყებს. ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ 28-მდე გაიზრდება.
28 მოსამართლიდან კი შემდეგ საბჭოს ქვეყნის მთავარი მოსამართლეობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.
შანსი ქართული მართლმსაჯულებისთვის და ტესტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის - ასე აფასებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, პროცესს რომელიც ახლა იწყება.
ახალი საკონსტიტუციო ნორმების ამოქმედებას იუსტიციის საბჭო მოუმზადებელი ხვდება. კანონში ჯერ არ წერია, რის მიხედვით და რა პროცედურით უნდა შეარჩიონ საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. არსებობს რისკი, რომ ბუნდოვანი ჩანაწერი სასამართლოს გავლენიანმა კლანმა სათავისოდ გამოიყენოს და მმართველობა კიდევ უფრო გააძლიეროს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და ჰქონდეს მყარი დასაბუთება, ვის რატომ ამწესებენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიც ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო ბაზა და კანდიდატების შერჩევის პროცედურები დასახვეწია. გიორგი მიქაუტაძე პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება.
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსიები უკვე ვრცელდება. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად სახელდება საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისა და მზია თოდუას კანდიდატურები.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უარყოფენ, რომ არაოფიციალური კონსულტაციები დაწყებულია.