19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"ვთავაზობთ "ოცნებას", დავსხდეთ ერთად, შევიმუშაოთ ნორმალური თამაშის წესები" - პაატა დავითაია

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, არჩევანის ეთერში ოპოზიციის ულტიმატუმთან დაკავშირებით საუბრობს.

პაატა დავითაია განმარტავს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვერ განხორციელდება, თუ ძირეული ცვლილებები არ შევა "საარჩევნო კოდექსში".

„საარჩევნო გარემო თუ არ შეიცვალა და, თუ არ იქნა შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი" და თამაშის წესები თუ არ იქნა ჩამოყალიბებული ნორმალური და, თუ არ შეიცვალა ცესკო-ს განლაგების წესი და საერთოდ სტრუქტურა, მაშინ არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს,“ - განაცხადა დავითაიამ.

პაატა დავითაია ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ულტიმატუმს არ განიხილავს, რადგან ეს სწორედ ქართული ოცნების სტრატეგიაა. პაატა დავითაიამ ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის პერიოდი, როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარებულიყო 2020 წელს და არა 2024-ში.

დავითაიას თქმით, ქართულმა ოცნებამ არავის აზრი არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ერთპიროვნულად მიიღო.

„ჩვენ ვნახეთ, რა შედეგების მომტანია ის საარჩევნო კოდექსი, რაც არის ახლა მიღებული. ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რაც არის. ქართულმა ოცნებას ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ამ კოდექსის ცვლილება, მაშინ დგება მეორე საკითხი, ჩვენ ნებისმიერი ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ ცვლის საარჩევნო კოდექს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება, პარტია, რომელიც მიდის არჩევნებში, წინასწარ უნდა იცოდეს, რა დღის წესრიგით მიდის, როგორია საარჩევნო გარემო და არა არჩევნების წინ შეცვალოს,“ - განაცხადა დავითაიამ.

დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად შეიმუშაოს თამაშის წესები და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ოცნებას, რომ ერთად დავჯდეთ, შევიმუშაოთ ნორმალური თამაშის წესები და არა ის, რაც ახლა მოხდა და ასე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება... პოლიტიკური რეალობა, ლანდშაფტი შეიცვალა, მოდით, დავსხდეთ, გავიაროთ, რომ ხვალ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია,“ - განაცხადა დავითაიამ.

დავითაიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პარტნიორებთან კონსულტაციებს ხვალიდან იწყებს. 

დღის ამბები