19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" ზურაბიშვილის წინააღმდეგ - "ოცნების" პარტნიორი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ახლად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს 

„პატრიოტთა ალიანსი“ მმართველ პარტიას მოულოდნელად ზურგში ურტყამს. „ქართული ოცნების“ პარტნიორი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

გიორგი ლომია ამბობს, რომ ზურაბიშვილის არჩევა ხალხს აიძულეს, რის გამოც, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება და არც მის ლეგიტიმურობას ცნობს.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორი გახდა. ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კი პარტიამ თბილისსა და ბათუმში მასშტაბური აქციები გამართა.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, ამ პოლიტიკურ გარიგებაში „პატრიოტებმა“ ბიძინა ივანიშვილისგან 2,5 მილიონი მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოპოზიციას ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება შესთავაზა და დაადასტურა, რომ ამას „პატრიოტთა ალიანსსაც“ სთავაზობს.

მმართველი გუნდის წევრებისთვის კი გაუგებარია, რატომ აყენებს ეჭვქვეშ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას, მაშინ როდესაც მეორე ტურის შედეგებისთვის მათ ერთად იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მეორე ტურის წინ საერთო ინტერესებისთვის გაერთიანებისა და მოწინააღმდეგე მხარის დამარცხების შემდეგ სტრატეგიულ პარტნიორებში განხეთქილება დაიწყო. მათი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს, „ოცნებისგან“ განაწყენებული ამომრჩეველი არ დაკარგოს და თავისკენ გადაიბიროს.

გიორგი ლომიას განცხადებას დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ სხვა ლიდერები არ გამოხმაურებიან. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, მას ეს განცხადება დამოუკიდებლად გაეკეთებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები