2018 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი გაუხარჯავი დარჩა. მიმდინარე წლის საბიუჯეტო პროექტი პარლამენტში შესასწორებლად არის გადაგზავნილი.
შესასწორებლად გამზადებულ საბიუჯეტო პროექტში წერია, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ორი მსხვილი პროექტი ვერ შეასრულა - რიკოთის მონაკვეთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების პროექტები.
წელს მშენებლობისთვის გათვალისწინებული 270 მილიონი ლარი მთავრობას დაუხარჯავი დარჩა.
მმართველის პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრები შეუსრულებელი ბიუჯეტის გამო პრობლემას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ დაუხარჯავს მილიონებს სხვადასხვა მიმართულებით გაანაწილებენ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ გაჭიანურებული პროექტებისა და დაუხარჯავი მილიარდების უკან კორუფციული ინტერესებიც იდგეს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის არასწორად დაგეგმვის გამო მთავრობას ექსპერტებიც აკრიტიკებენ. წელს მინისტრთა კაბინეტმა განუხორციელებელი პროექტების რეკორდი მოხსნა.
სპეციალისტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მომავალი წელიც ხელისუფლებამ ისევ შეუსრულებელი პროექტებითა და დაუხარჯავი ფულით დაასრულოს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში აუთვისებელი ასობით მილიონის უკანასკნელ ერთ თვეში დახარჯვა ეროვნულ ვალუტას მძიმე ტვირთად დააწვება.
უკვე ცნობილია, რომ აუთვისებელი ფული რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება, მათ შორის, დევნილთა სახლებისთვის, დედაქალაქის ახალი ავტობუსებისთვის, საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზღაურებისთვის და ასევე, 10 მილიონი დაემატება მთავრობის სარეზერვო ფონდსაც.