საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას ეხმაურება, რომლებიც მისი ლეგიტიმურობის აღიარებას არ გეგმავენ.
ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს აღიარებენ, მაშინ მის ინაუგურაციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც დაპატიჟებს, მათ შორის, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.
ის ასევე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გიორგი ლომიას განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ძალით აარჩევინეს ხალხს.
„ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით, არიან მოქალაქეები და მე, პირველ რიგში, საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ვაპირებ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გიორგი ლომიას დღევანდელი განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ურთიერთობის „ახალი ფურცლიდან“ დაწყებისკენ მოუწოდა, თუმცა, დღის ბოლოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მოწოდება არა ოპონენტების, არამედ საკუთარი თავის მიმართ გააკეთა.
„ოპოზიციას კი არ მოვუწოდე, ჩემს თავს მოვუწოდე, ინაუგურაციის მერე იწყება ახალი ფურცელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების და მე ამისთვის მზად ვარ," - ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილისვე განცხადებით, ის არ აპირებს ოპოზიციასთან კოჰაბიტაციას.
„კოჰაბიტაცია არ არსებობს, ეს აღარ არის კოჰაბიტაცია, პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში, შევა თავის სასახლეში და დაიწყებს თავის მუშაობას, როგორც ვთქვი, პირველ რიგში, საზოგადოებასთან, უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.