19 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი - სოფო კილაძე

„პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააკეთა.

საქმე ეხება ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებას. კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს.

სოფო კილაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპონენტები ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლის სტატუსს უსაფუძვლოდ ანიჭებენ.

„ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც გახდა ოპოზიციის მხრიდან სერიოზული სიცრუის გავრცელების საფუძველი და საბაბი, ეს იყო ის, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ, პირდაპირ ამბობს სტრასბურგი, რომ ის არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, როგორც აპირებს ოპოზიცია, რომ წარმოაჩინოს. პირდაპირ, ხაზგასმით არის ამაზე მითითებული, როგორც გადაწყვეტილებაში, ასევე თავად მინისტრთა კომიტეტი საუბრობს ამაზე. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი, გამოძიების საკითხი, კი, ბატონო, ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ ჩვენ გვქონდა აქ სამართლებრივი პრობლემები,“ - ამბობს კილაძე.

ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

დღის ამბები