19 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
„საღამოს კომენტარები“ - ზურაბიშვილი ინაუგურაციასა და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დღეს ვრცლად ისაუბრებს

არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს. ზურაბიშვილი ფიცის დადების ცერემონიასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარს საინაუგურაციო კომისიასთან შეხვედრის შემდეგ გეგმავს.

არჩეული პრეზიდენტი დღეს საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს. ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე განიხილება.

გაბუნიას „ქალთა მოძრაობა“ უპირისპირდება და ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იურისტი დიმიტრი გაბუნია არ დანიშნოს თავის საპარლამენტო მდივნად.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა მიუღებელია, რადგან მან ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრისას აღნიშნა - „რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც განმარტებები გაკეთდება, ინაუგურაციაზე გრიგოლ ვაშაძის მიწვევას ეხება.

როგორც მედიასთან საუბრისას ზურაბიშვილის გუნდის წევრმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, დღეს საღამოს გაირკვევა, ისევ რჩება თუ არა ზურაბიშვილის შეთავაზება ძალაში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციის ცერემონიაზე იმ შემთხვევაში დაპატიჟებს, თუ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მის ლეგიტიმურობას აღიარებენ. 

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. საპარლამენტო მდივნად კი დიმიტრი გაბუნია მოიაზრება. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები შესაძლოა იყვნენ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე და საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიძინა გიორგობიანი.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. 

დღის ამბები