მთავრობის კანცელარიაში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრები იკრიბებიან. დღეს სავარაუდოდ, საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმატით ჩატარდება 16 დეკემბერის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა, ლაშა ჟვანიამ მედიასთან განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ის დეტალი, რაც ინაუგურაციას უკავშირდება, ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.
„ბატონი კახი კახიშვილი გახლავთ ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი, კომისიის ხელმძღვანელი. კანცელარიაში იქნება შეხვედრა და ამ შეხვედრაზე უკვე გარკვეული მონახაზი გვექნება. საბოლოო სცენარი კი არა, მონახაზი სცენარის იქნება დღეს საღამოს გვიან. რაც შეეხება საბოლოო სცენარს, როგორც კი იქნება, მაშინვე, რა თქმა უნდა, მედიას ეცოდინება,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მედიასთან საუბრისას ზურაბიშვილის გუნდის წევრმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე განიხილება. გაბუნიას „ქალთა მოძრაობა“ უპირისპირდება და ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იურისტი დიმიტრი გაბუნია არ დანიშნოს თავის საპარლამენტო მდივნად.
„არჩეულმა პრეზიდენტმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და თქვა, რომ განიხილება. განიხილება არ ნიშნავს, რომ მოიაზრება. განიხილება ნიშნავს, რომ განხილვის პროცესშია... მე არ მსმენია არასამთავრობოების პროტესტი, თუ არ არის პროტესტი, ნებისმიერი პროტესტი და პოზიცია, ბუნებრივია, ლეგიტიმურია. უბრალოდ, აქ არის საუბარი, რომ მოიაზრება, რაც არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
როგორი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაცია და ვინ იქნებიან არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრები, ამ დეტალებზე განმარტებას სალომე ზურაბიშვილი დღეს გეგმავს, როცა მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის წევრების შეხვედრა დასრულდება.